უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახები ბინებით დაკმაყოფილდებიან

პროგრამა მომავალი წლიდან განხორციელდება. კალაძემ აღნიშნა, რომ დედაქალაქში უსახლკაროს სტატუსის მქონე დაახლოებით 400 ოჯახია.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ოჯახები, რომელთაც უსახლკაროს სტატუსი აქვთ მინიჭებული, საცხოვრებელ ფართებს მიიღებენ, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე საუბრისას.
დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ეს პროგრამა 2022 წლიდან განხორციელდება.

„პოლიტიკამ იმდენად შეჭამა სოციალური საკითხები, ბევრ ადამიანს ეს პრობლემა არც კი ახსოვს. მე ვალდებული ვარ, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ჩვენ უკვე საბინაო ფონდის შექმნა დავიწყეთ და 2022 წლიდან ამ პროგრამის განხორციელებას შევუდგებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძემ ასევე განმარტა, რომ დედაქალაქში უსახლკაროს სტატუსის მქონე დაახლოებით 400 ოჯახი ცხოვრობს და მომავალი წლიდან არც ერთი მათგანი ბინის გარეშე არ დარჩება.