თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში მოქალაქეებს სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინი გაუკეთეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
მოქალაქეთა განცხადებით, როდესაც კლინიკაში ვაქცინის შეფუთვის ჩვენება მოითხოვეს, მედპერსონალისგან უარი მიიღეს. მათი თქმით, ინექცია გაუკეთეს დაახლოებით 35 პირს, მათ შორის ბავშვებს და ერთ ონკოპაციენტს.
სამედიცინო პლატფორმა „მედ სითის" ერთ-ერთი დამფუძნებელი თათა დვალიშვილი ერთ-ერთი დაზარალებულია, რომლის 4 წლის შვილსაც კლინიკაში „გრიპის ვაქცინა" გაუკეთეს.
„ერთი კვირით ადრე დავჯავშნე ადგილი და კლინიკაში დედასთან და 4 წლის შვილთან ერთად მივედი. ვაქცინაში 75 ლარი გადავიხადე და შევიყვანე ბავშვი ასაცრელად. მოვითხოვე ეჩვენებინათ ჩემი შვილისთვის გაკეთებული ვაქცინის შეფუთვა, რაზეც ე.წ. იმუნოლოგმა გიორგი ჩანდელმა უარი მითხრა. შემდეგ მოვითხოვე რაიმე საბუთი მაინც ეჩვენებინათ, რომ ნამდვილად შეიძინეს ფრანგული ვაქცინა... საბოლოოდ ექიმმა აღიარა, რომ ბავშვს C ვიტამინი გაუკეთა", – განაცხადა დვალიშვილმა.
ამ დროისთვის კლინიკაში საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება.
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს განცხადებით, გოგელიას კლინიკას აღნიშნულ მისამართზე არსებულ დაწესებულებაში იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ აქვს და შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნია.