არჩევნები 2021

მეტი ასე არ მოიქცე – სასამართლომ პარლამენტის სპიკერს სიტყვიერი შენიშვნა მისცა

არჩევნების დღეს პარლამენტის თავმჯდომარე საარჩევნო უბანზე მივიდა პირბადით, რომელზეც პარტიული სიმბოლიკა იყო გამოსახული.
Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.
სასამართლომ კუჭავას ადმინისტრაციული ჯარიმა არ დააკისრა და სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.
არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერს კახა კუჭავა საარჩევნო უბანზე მივიდა პირბადით, რომელზეც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სიმბოლო იყო გამოსახული. დარღვევაზე რეაგირება მოახდინა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, როგორც არჩევნებზე დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, და საჩივარი ცესკოში შეიტანა.
აღნიშნულ შეფასებას დაეთანხმა თავად კუჭავაც, რომელმაც კენჭისყრის დღესვე მოუხადა ბოდიში ამომრჩეველს და განაცხადა, რომ მზად არის გადაიხადოს ჯარიმა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო.
სასამართლოს დღეს იგივე განუცხადა მისმა ადვოკატმაც. სალომე გულუას თქმით, კუჭავას მხრიდან აღნიშნული ქმედება არა წინასაარჩევნო აგიტაცია, არამედ გაუცნობიერებელი ქმედება იყო.
„ტელეკამერებმაც დააფიქსირეს, რომ კუჭავა საარჩევნო უბანზე მივიდა პირბადით, რომელზეც პარტიული სიმბოლიკა იყო გამოსახული, თუმცა, ეს წინასაარჩევნო აგიტაციას არ ისახავდა მიზნად“, – განაცხადა გულუამ.
არჩევნები 2021
კახა კუჭავამ წინასაარჩევნო აგიტაციის წესი დაარღვია - საქმე სასამართლოშია გადაგზავნილი
საიას იურისტი გიორგი ანთაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. მისი თქმით, ახლა ყველაფერი ცესკოზეა დამოკიდებული – სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს თუ არა.
„საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კახა კუჭავას მხრიდან აღნიშნული ქმედება სამართალდარღვევაა, რაც ითვალისწინებს 2 ათასი ლარით დაჯარიმებას. თუმცა იგი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა, რადგან სასამართლომ დარღვევა უმნიშვნელოდ ჩათვალა”, – განაცხადა ანთაძემ.
სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თავად კახა კუჭავამაც.
„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ სიმბოლიკის ამსახველი პირბადით შესვლა მექანიკური შეცდომა იყო და მიზნად არ ისახავდა წინასაარჩევნო აგიტაციას, ეს იყო კანონდარღვევა, რაც სასამართლომ დაადასტურა და სიტყვიერი გაფრთხილება მომცა. თუმცა, მართებულად მიმაჩნია, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა 2 ათასი ლარის ოდენობით გადავიხადო და ეს თანხა ,,სოლიდარობის ფონდს“ გადავურიცხო“, – დაწერა კუჭავამ.
საქართველოს კანონმდებლობით, საარჩევნო უბანზე აგიტაცია 2000-ლარიანი ჯარიმით ისჯება.