თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. რეგიონში მიმდინარე პროცესები, უსაფრთხოების გამოწვევები და მათი გადაჭრის პროცესში სამი ქვეყნის როლი განიხილეს ანკარაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების მე-6 ყოველწლიურ სხდომაზე, იუწყება საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის ისეთი საკითხები, როგორიც არის ვაჭრობა, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები, კულტურა, თავდაცვა, უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და ხალხთაშორისი კავშირები.
ხაზი გაესვა საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და საპარლამენტო კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს. ამ კონტექსტში მხარეებმა ახალი მექანიზმებისა და ფორმატების შექმნის საკითხიც განიხილეს.
„ამ კონტექსტში დიდი როლი ეკისრება საპარლამენტო თანამშრომლობას, რადგან ეს მექანიზმი გვაძლევს საშუალებას, რომ საკანონმდებლო დონეზე რეგულარულად გავცვალოთ მოსაზრებები და შევიმუშაოთ კონკრეტული გზები, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნების წინსვლასა და ხალხის კეთილდღეობაში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოთქვეს მზადყოფნა, გადადგან შემდგომი ნაბიჯები შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ანკარაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 18 ოქტომბერს გაემგზავრა.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და კომიტეტის წევრი გრიგოლ ვაშაძე.