როდის მოიძიებს საქართველო ახალ ინვესტორებს ანაკლიის პორტის პროექტისთვის

საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის სფეროში ცნობილმა კომპანია MTBS-მა განაახლა პროექტი და საინვეტიციო შეთავაზება
Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი– Sputnik. საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას ანაკლიის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის განახლებულ საინვესტიციო სატენდერო პაკეტზე და 2022 წელს ინვესტორების საერთაშორისო შესარჩევი კონკურსის გამოცხადებას გეგმავს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“, რომელსაც საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აეშენებინა, საფინანსო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კონტრაქტი გაწყვიტა. იმავე წლის ზაფხულში კონსორციუმმა და პროექტის ერთ–ერთმა მსხვილმა უცხოელმა ინვესტორმა ბობ მეიერმა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელები შეიტანეს. კონსორციუმის ძირითადი მოთხოვნებია: ფინანსური დანაკარგის ანაზღაურება, რომელიც, მათი თქმით, 1 მლრდ დოლარს აჭარბებს და შეთანხმების აღდგენა.

„გვაქვს სურვილი ინვესტორების შერჩევა მომავალ წელს გამოცხადდეს. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, ანაკლიის პორტის პროექტში ევროპელი ან ამერიკელი ინვესტორები მონაწილეობდნენ, თუმცა შევხედავთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს თურნავამ.

მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ მთავრობამ საერთაშორისო კონსულტანტები მოიწვია. პროექტი და საინვესტიციო შეთავაზება საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის სფეროში ცნობილმა კომპანია MTBS-მა განაახლა.
მინისტრის განცხადებით, პროექტის სტრუქტურა გარკვეულწილად შეცვლილია და ის შესაძლოა უფრო მიმზიდველი აღმოჩნდეს ინვესტორებისთვის.
საქართველო ანაკლიის პორტის პროექტზე ტენდერის ჩასატარებლად კონსულტანტებს დაიქირავებს
„სახელმწიფო ამ პროექტში გარანტორი არ უნდა იყოს, რადგან ის საკმაოდ მიმზიდველია. კონკრეტულად რა სტრუქტურა ექნება, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ“, - განმარტა ნათია თურნავამ და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ამ პროექტში მნიშვნელოვან მონაწილეობას მიიღებს, მაგრამ რა იგულისხმება სახელმწიფოს მონაწილეობაში, მას არ დაუკონკრეტებია.
მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ზარალზე, რომელიც პროექტს წინა ინვესტორმა მიაყენა, მათ შორის საარბიტრაჟო დავის გამო. მაგრამ, თურნავას თქმით, ამას დადებითი მხარეც გააჩნია - მთავრობა უფრო სანდო ინვესტორს მოიძიებს.

საუკუნის პროექტი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს - ბათუმისა და ფოთის. ამასთან ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამ დროისთვის მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რომლებიც მალე შეჩერდა.
ნუ კლავ ანაკლიას - „ლელომ“ სამეგრელოში საპროტესტო აქცია გამართა
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული გახდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი". „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი" დააფუძნეს „თი-ბი-სი ჰოლდინგმა" და კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB.