17 წლის შემდეგ „ფარული ვნება“ ტელეეკრანებზე ბრუნდება. ინფორმაცია ტელეკომპანია Telemundo-მ ჯერ კიდევ მაისში დაადასტურა, თუმცა ახლა გულშემატკივრებს პირველი თიზერი შესთავაზა, რომელშიც ჩვენს მონატრებულ გმირებსა და მსახიობებს, მათ შორის, მარიო ჩიმაროსა და დანა გარსიას ვხედავთ.
ვიდეოში ჩვენი საყვარელი გმირები ერთმანეთს ეხვევიან და, როგორც ჩანს, მეორე სეზონისთვის ემზადებიან, რომელიც 2022 წელს გამოვა.
დაახლოებით ცნობილია ახალი სეზონის სცენარიც: სერიალი ძირითადად კვლავ ერთგული მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი ძმების ირგვლივ განვითარდება, ოღონდ ოცი წლის შემდგომ მოვლენებზე მოგვითხრობს და მათ შთამომავლობას, ახალ თაობას გავიცნობთ.
„ფარული ვნება“ – ეს არის კოლუმბიური სერიალი, რომელიც 2003 წლიდან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადიოდა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მთავარი როლის შემსრულებელი მარიო ჩიმარო.
ეს არის ძმები რეიესების, სამი პატიოსანი და გულკეთილი ადამიანის ისტორია იმ დღემდე, სანამ საშინელი ტრაგედია აიძულებს მათ შურისძიებაზე იფიქრონ. მათი გეგმა მოულოდნელად შეიცვლება, როდესაც დებ ელიზონდოებს შეხვდებიან, გავლენიანი მიწათმფლობელის სამ ლამაზ ქალიშვილს, რომელსაც შვილები თავიანთი უბედურების მიზეზად მიიჩნევენ.