კიევი შეეცდება სააკაშვილი უკრაინაში „ყველა შესაძლო სამართლებრივი გზით" დააბრუნოს

სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ხელმძღვანელობს.
Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. უკრაინის ხელისუფლება გამოიყენებს ყველა სამართლებრივ საშუალებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხაილ სააკაშვილის ქვეყანაში დასაბრუნებლად. ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ გამოცემა Украинская правда-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
რომც მოითხოვონ, არავინ გადასცემს: ღარიბაშვილმა სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიცია გამორიცხა
სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის უკრაინის მოქალაქეა და ხელმძღვანელობს უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის პირადად იზრუნებს სააკაშვილის დაბრუნების საკითხზე.

„ჩვენ კი შევეცდებით, მაგრამ დათანხმდებიან? – ესაა საკითხავი. ის მხოლოდ უკრაინის მოქალაქე როდია... საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ გადმოგვცემდნენ... მოვსინჯავთ ყველა იურიდიულ მექანიზმს, რათა მოვაგვაროთ ეს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

გასულ კვირაში უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისში განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის კიევისთვის გადაცემის მოთხოვნით ქართული მხარისთვის ჯერ არ მიუმართავს.

სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილი, რომელიც სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისთანავე სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო.
სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.