COVID-19 - ბოლო ცნობები

ვაქცინირებულებს უპირატესობა უნდა მიენიჭოთ – სერგეენკო

გუშინ საქართველოში მხოლოდ 2.260 ადამიანი აიცრა. დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.479-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 666.813-ს მიაღწია.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საჭიროა შერჩევითი შეზღუდვები არავაქცინირებულებზე, ვაქცინირებულებს უპირატესობა უნდა მიენიჭოთ. ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა.
მისი თქმით, თუ ამ მიდგომამ ორ-სამკვირიან პერიოდში შედეგი არ გამოიღო, პროფესიული და რისკ-ჯგუფების მიხედვით სავალდებულო აცრისთვის კიდევ უფრო ხისტი ნაბიჯების გადადგმა გახდება საჭირო.

„ახლა უნდა განხორციელდეს სელექციური შეზღუდვები არავაქცინირებულებზე და, რაც არ უნდა დისკრიმინაციულად ჟღერდეს, უპირატესობა ვაქცინირებულს მიენიჭოს. არავაქცინირებულებისთვის განხორციელდება შეზღუდვები სელექციურად, რაც ყველასთვის მძიმე გადასატანია, მაგრამ ეს არის ის ფასი, რაც უნდა გადავიხადოთ იმაში, რომ ყოველდღიურად ამდენი ადამიანი არ იღუპებოდეს“, – აცხადებს სერგეენკო.

სერგეენკოს განცხადებით, ინფექციური დაავადების წინააღმდეგ აცრაზე უკეთესი საშუალება არ არსებობს და ის სწუხს იმის გამო, რომ ცნობილი ადამიანების ნაწილი აცრის საწინააღმდეგო კომპანიას ეწევა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
გამყრელიძე: კორონავირუსის მეხუთე ტალღას საკმაოდ მაღალი ნიშნულით ვიწყებთ
„რაც შეეხება აცრებს, ძალიან სამწუხაროა – ხანდახან ანტივაქსერები ცნობილი სახეები თუ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ხდებიან. არ ვიცი, ეს რატომ ხდება, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ორ საუკუნეზე მეტია აცრაზე უკეთესი საშუალება ინფექციური დაავადების წინააღმდეგ არავის მოუგონია“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.
სერგეენკოს შეფასებით, ეპიდვითარება საგრძნობლად უარესდება და ტალღების თვლას უკვე აღარანაირი აზრი არ აქვს.
„იქნება მეხუთე, მეშვიდე თუ მეთორმეტე, ამის თვლას უბრალოდ აზრი აღარ აქვს. ყველამ უნდა გამოვყოთ ის რესურსი, რაც შეგვიძლია – ქუჩაში ქადაგად დავეცეთ და ყველას ვთხოვოთ, რომ პირბადე ატარონ სწორად და არა ნიკაპზე... ნიღაბი იცავს და რისკებს ამცირებს“, – განაცხადა სერგეენკომ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 17 ოქტომბერს კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით ბოლო 24 საათში მხოლოდ 2.260 ადამიანი აიცრა, აქედან ზოგიერთ რაიონში ერთეულები, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – საერთოდ არც ერთი.
კერძოდ, აიცრა თბილისში 1.567 ადამიანი, აჭარაში – 234, იმერეთში – 219, სამეგრელო–ზემო სვანეთში – 97, ქვემო ქართლში – 69, გურიაში – 33, კახეთში – 22, სამცხე-ჯავახეთში – 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში – 6, შიდა ქართლში – 1, მცხეთა-მთიანეთში – 0.
COVID-19 - ბოლო ცნობები
თბილისის შემდეგ იმერეთი: კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით
ბოლო მონაცემებით, ჯამში ჩატარებულია 1.914.269 აცრა.
მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1.011.376 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 35,6%, სრულად ვაქცინირებულია 902.660 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 31,6%
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.