თბილისი, 18 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჟვანია უზბეკეთში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ორგანიზაციის (IFES) დირექტორად დაინიშნა. ამ ინფორმაციას IFES აქვეყნებს.
ორგანიზაციაში ჟვანიას ახასიათებენ, როგორც ადამიანს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებში მუშაობის მდიდარი გამოცდილებით.
„ჟვანია დამკვირვებლად მუშაობდა 30-ზე მეტ არჩევნებზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის იყო OSCE/ODIHR-ის, NUPI-ს და ENEMO-ს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენელი. ჟვანია მსახურობდა ნიგერიაში საერთაშორისო ურთიერთობათა ნაციონალურ დემოკრატიულ ინსტიტუტში (NDI) პროექტის უფროს მენეჯერად და NDI-ს საარჩევნო საკითხთა კონსულტანტად ბანგლადეშში“, - ნათქვამია IFES-ის განცხადებაში.
ჟვანია უკვე შეუდგა ახალი უფლებამოსილების შესრულებას. 15 ოქტომბერს იგი შეხვდა უზბეკეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ზაინიდინ ნიზამხოჯაევს.
როგორც ცნობილია, თამარ ჟვანია საქართველოს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ჟვანიას გადადგომას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ითხოვდა. მას არჩევნების გაყალბებაში სდებდნენ ბრალს.
ჟვანია ცესკოს თავმჯდომარის პოსტს 2013 წლის 11 სექტემბრიდან იკავებდა. 2018 წლის 24 დეკემბერს იგი მეორე ვადით აირჩიეს.
გადადგომის შემდეგ მან განმარტა, რომ არ აპირებს პოლიტიკაში წასვლას ან რომელიმე სახელმწიფო თანამდებობაზე მუშაობას და მომავალში გეგმავს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქმიანობის გაგრძელებას.