თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. შსს-მ აღძრა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის მოქალაქის, ანასტასია შატალოვას განზრახ მკვლელობის მუხლით, და აქტიურ საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებებს ახორციელებს, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
სამართალდამცველებმა რუსეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ დააკავეს.
განზრახ მკვლელობას გულისხმობს სსკ-ის 108-ე მუხლი. შესაბამისად, დაკავებულებს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
დარახველიძის განცხადებით, შსს ყველაფერს აკეთებს, რათა დანაშაულის ჩამდენი პირები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში დროულად მიეცნენ.
„მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. წინასწარი ინფორმაციის გაჟღერებისგან თავს შევიკავებ. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დანაშაულის ჩამდენი პირები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში დროულად მიეცნენ. ვახორციელებთ ყველა საჭირო საპროცესო მოქმედებას, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები დროულად დადგინდნენ“, -განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
ანასტასია შატალოვა თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე, გუშინ გვიან ღამით მოკლეს. შატალოვას ღამის დაახლოებით პირველ საათზე ესროლეს, როდესაც იგი სახლიდან გამოვიდა. თვითმხილველების თქმით, ქალს შვიდი ტყვია ესროლეს.