COVID-19 - ბოლო ცნობები

შეწყდება თუ არა სკოლებში სასწავლო პროცესი: ტიკარაძის განმარტება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლებში მონიტორინგი გამკაცრებულია. განათლების სამინისტრო მოუწოდებს სკოლების ადმინისტრაციებს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციები.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ამ ეტაპზე სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტა მოსალოდნელი არ არის, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის განმარტებით, განათლების სამინისტრო ინტენსიურად თანამშრომლობს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და აქტიურად მიმდინარეობს მონიტორინგი.

„სკოლების ჩაკეტვის თაობაზე მოლოდინი არ გვაქვს. მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი და კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში იხურება ცალკეული სკოლები ან კლასები. ლოკალური მენეჯმენტი ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კორონავირუსით ინფიცირების გამოვლენის შემთხვევაში, შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლები მოქმედებენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციების შესაბამისად და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე.
ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში გლობალური შეზღუდვები არ იგეგმება. მთავრობა შემდგომ ღონისძიებებს განიხილავს.
15 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევების გამო დისტანციურ სწავლებაზე 108 სკოლა და 700-მდე ცალკეული კლასია გადასული. კორონავირუსი მასწავლებლების 0,9%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,6%-ს დაუდასტურდა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ვაქცინირებულებს უპირატესობა უნდა მიენიჭოთ – სერგეენკო
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს კორონავირუსზე პედაგოგთა ტესტირება. ამის პარალელურად სასწავლო დაწესებულებებში ვაქცინაციის პროცესი კვლავ გრძელდება. ამ ეტაპისთვის მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის 69%-ია ვაქცინირებული.
რთული ეპიდსიტუაციის გამო საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებმა, პროფესიულმა სასწავლებლებმა და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 15 სექტემბერს სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყეს. 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდა.