თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის გარდაცვალებას მსოფლიო დიპლომატიისთვის დიდი დანაკლისი უწოდა.
ყოფილი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი 84 წლის ასაკში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა.
„კოლინ პაუელის გარდაცვალება დიდი დანაკლისია მსოფლიო დიპლომატიისთვის. დიადი გონება, რომელმაც 21-ე საუკუნეში გლობალური მიმართულების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო. მისი ღვაწლი მაგალითია ახალგაზრდა თაობებისთვის, რომლებიც ცდილობენ, სამყარო გახადონ უფრო უსაფრთხო“, – დაწერა თავის Twitter-გვერდზე სალომე ზურაბიშვილმა.
კოლინ პაუელი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტს 2001-2005 წლებში ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს იკავებდა.
იმ პერიოდში, როდესაც პაუელი სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, ვაშინგტონმა დაიწყო ავღანეთში სამხედრო ოპერაცია (2001-2021), რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტებს მოჰყვა. გარდა ამისა, ამ პერიოდში ამერიკის სამხედრო ძალები 2003 წელს ერაყში შევიდნენ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის რეჟიმის დასამხობად. აშშ-ის ჯარებმა ერაყი 2011 წელს დატოვეს.