ქართული კომპანიები საერთაშორისო მოდის კვირეულებში მონაწილეობენ

ქართველი დიზაინერების კოლექციები მოცემულ სექტორში წარმოდგენილია მსოფლიოს ხუთ წამყვან ქალაქში, ესენია: პარიზი, მილანი, შანხაი, ლონდონი, სინგაპური.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. 10 ქართული კომპანია პარიზში, მილანში, შანხაიში, ლონდოსა და სინგაპურში გამართულ საერთაშორისო მოდის კვირეულებში არის წარმოდგენილი, იუწყება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.
ქართველი დიზაინერები 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის მოდის კვირეულის თანმდევ ღონისძიებებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „კლასტერები განვითარებისთვის" მხარდაჭერით მონაწილეობენ.
ეს ქართული კომპანიებია: Moreislove.com, ANOUKI, Keburia, LALO, Nina Zarqua Collection, DALOOD - დალოოდი, #LIYA, SITUATIONIST, ESHVI, #NeverNotJewellery.
საერთაშორისო მნიშვნელობის შოურუმებს, რომლებიც მოდის კვირეულების ფარგლებში წელიწადში ოთხჯერ იმართება, ყოველწლიურად 100.000-მდე კომპანია, 130.000-ზე მეტი პროფესიონალი შემსყიდველი და პრესის წარმომადგენელი სტუმრობს.
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულში ამოქმედდა და ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისებას ემსახურება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა სააგენტო „აწარმოე საქართველოში", რომელიც აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, რომელიც მიმართულია ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ.