მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთი ადვოკატი დაიცავს: რაზე ესაუბრა ის ყოფილ პრეზიდენტს

ახალი ადვოკატი უკვე იმყოფებოდა რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში, მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი თავს მხნედ გრძნობს
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთი ადვოკატი, კახა წერეთელი დაიცავს.
წერეთელი ადვოკატის მოვალეობის შესრულებას სააკაშვილის ოჯახის წევრების თხოვნით შეუდგა. ის დღეს იმყოფებოდა №12 პენიტენციურ დაწესებულებაში და მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მისი თქმით, პატიმარი თავს მხნედ გრძნობს.
„დღეს საუბარი გვქონდა პირად საკითხებზე, რაც საზოგადოებისთვის საჯარო ვერ გახდება. ამიტომ მის შინაარსთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთადერთი, რაც ვნახე და რისი დადასტურებაც შემიძლია, მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს მხნედ, იმაზე უფრო მხნედ, ვიდრე წარმომედგინა“, – განაცხადა კახა წერეთელმა.
სააკაშვილის ადვოკატს ექს-პრეზიდენტის შეწყალების იმედი აქვს
ამგვარად, სააკაშვილს ექვსი ადვოკატი იცავს - ნიკა გვარამია, ბექა ბასილაია, დიმიტრი საძაგლიშვილი, გიორგი ჩივიაშვილი, გიორგი გელხაური და კახა წერეთელი.
სამშობლოში არალეგალურად შემოსული სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მან იმ დღესვე გამოაცხადა შიმშილობა.
საქართველოში სააკაშვილი რამდენიმე სისხლის სამართლის ფიგურანტია. ის ამჟამად რუსთავის ციხეში იმყოფება. თავის დაპატიმრებას ის უკანონოს უწოდებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ბრალდებებს კი – გაყალბებულად.