თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. 12 წლის შემდეგ პირველად, საქართველოში ლეოპარდი დააფიქსირეს, ნათქვამია სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე „ნაკრესის“ მიერ ორი თვის წინ დამონტაჟებული ერთ-ერთი ფოტოხაფანგის შემოწმებისას ჯიქის, ანუ ლეოპარდის (Pantera pardus) აგვისტოში გადაღებული ფოტო გუშინ ცენტრის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს.
„ჯიქი კვლავ საქართველოშია! 12 წლიანი თავდაუზოგავი ძებნის შემდეგ, და მაშინ, როცა თითქოს ყველა იმედი გადაწურული იყო, ნაკრესის კონსერვაციული კვლევის ჯგუფმა კვლავ დააფიქსირა ეს ცხოველი საქართველოში“, - ნათქვამია კვლევითი ცენტრის განცხადებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ რთული და ძვირადღირებული კვლევის ჩატარება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა.
საქართველოში ლეოპარდი 2009 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა, მას შემდეგ რაც ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მისი ბოლო ნაკვალევი იქნა ნაპოვნი.
ლეოპარდი კავკასიაში გადაშენებულ სახეობად მიიჩნეოდა და 2001 წელს ქართველი ეკოლოგების მიერ კვლავ იქნა აღმოჩენილი.