თბილისი, 17 ოქტომბერი— Sputnik. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალური მდივანი ლაზარ კომანესკუ საქართველოს ეწვევა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, 17-19 ოქტომბერს, ვიზიტის ფარგლებში კომანესკუ გამართავს შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.
„შეხვედრაზე განიხილება შავი ზღვის აუზის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები, ისევე როგორც რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს პარლამენტში შეხვედრას გამართავს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ელისო ბოლქვაძესთან.
აღსანიშნავია, რომ საქართველო 2021 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრამდე BSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანაა.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC) - საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს შავი ზღვისპირეთის და ბალკანეთის 12 სახელმწიფოს და ემსახურება შავი ზღვის აუზში თანამშრომლობის, მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განვითარებას. ორგანიზაციის შტაბ-ბინა სტამბოლში მდებარეობს.