თბილისი, 16 ოქტომბერი- Sputnik. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში აშენდა 72 მეტრიანი ხიდი, რომელიც მუნიციპალიტეტის სამ სოფელს ბათუმი-ახალციხის გზასთან აკავშირებს, იუწყება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძის თქმით, ახალი ხიდი რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„ჩვენ შევძლებთ უფრო მეტი ტურისტების მოზიდვას, რაც ადგილობრივი მცხოვრებლების კეთილდღეობაზე აისახება“, - განაცხადა ფუტკარაძემ.
ახალი ხიდის მშენებლობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც წყალდიდობის შედეგად ძველი ხიდი დაინგრა და სოფლების მცხოვრებლებს მთავარ ტრასაზე გასასვლელი აღარ ჰქონდათ.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი და ტროტუარი. ხიდის სიგანე 8 მეტრს შეადგენს.
სამინისტროს მონაცემებით, 2021 წელს ქედის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაახლოებით 11 მლნ ლარია გათვალისწინებული.