თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტიის დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან მიმდინარე აქცია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პოლიციასთან ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, დაკავებულია სამი ადამიანი.
რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა რეზიდენციასთან ბანერით „თავისუფლება მიშას“.
შეტაკება დაიწყო მას შემდეგ, რაც მონაწილეებმა სტიკერების გაკვრა შენობის კედლებზე სცადეს.
სააკაშვილი იმყოფება რუსთავის ციხეში, სადაც სასჯელს ორ სისხლის სამართლის საქმეზე იხდის. დაპატიმრების შემდეგ მან გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც უკვე მე-16 დღე გრძელდება.
სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამშობლოში არალეგალურად სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.