COVID-19 - ბოლო ცნობები

თუ დაარღვია, დაჯარიმდება: დარახველიძე კოვიდ-ინფიცირებულ უგულავაზე

დღეს მოქმედი რეგულაციით, კარანტინის წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2.000 ლარით ჯარიმდება.
Sputnik
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. თუ დადასტურდება, რომ გიგი უგულავამ დაარღვია კარანტინის წესი, იგი დაჯარიმდება, განაცხადა ჟურნალისტებთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე პოლიტიკოსის გამოჩენასთან დაკავშირებით.
ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ 7 ოქტომბერს საკუთარ facebook-გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა. მიუხედავად ამისა, პოლიტიკოსი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე გამოჩნდა, რომელიც გუშინ, 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გაიმართა.
„თუ გიგი უგულავამ კარანტინის წესი დაარღვია, ამისთვის აუცილებლად დაჯარიმდება“, – განცხადა დარახველიძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა შემთხვევაში თვითიზოლაციის ვადა 12 დღეა. თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევა ითვალისწინებს პირის 2 ათასი ლარით დაჯარიმებას.
გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა>>>
14 ოქტომბერს აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გიგი უგულავამ განაცხადა, რომ იგი აქციაზე ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ მივიდა.