საქართველოში სომელიეს და ღვინის სკოლა გაიხსნა

სკოლა ახალ სასერტიფიკატო პროექტს „სომელიე და ღვინის ბიზნესის პროგრამა" განახორციელებს, რომლის მიზანი მეღვინეობისა და ღვინის ტურიზმის ხელშეწყობაა.
Sputnik
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის კავკასიის უნივერსიტეტში სომელიესა და ღვინის სკოლა გაიხსნა, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი კავკასიის უნივერსიტეტში „ხეცურიანის სომელიეს სკოლა/კავკასიის უნივერსიტეტის" პრეზენტაციას დაესწრო.

„ტურიზმის ინდუსტრიაში, როდესაც პროდუქტის ფორმირებაზეა საუბარი, მომსახურების მაღალ ხარისხს და ევროპულ სტანდარტებს განაპირობებს განათლება. დღეს, როდესაც გვაქვს მოცემულობა, რომ ღვინის ტურიზმი ჩვენი კულტურის შემადგენელი ნაწილი და ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული პროდუქტია, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვახდენთ ამ ტურისტული პროდუქტის პოზიციონირებას საერთაშორისო და შიდა ბაზარზე“, – განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

სკოლა ახალ სასერტიფიკატო პროექტს „სომელიე და ღვინის ბიზნესის პროგრამა" განახორციელებს, რომლის მიზანი მეღვინეობისა და ღვინის ტურიზმის ხელშეწყობაა. 5-თვიანი სასწავლო პროგრამის მიხედვით, სასწავლო კურსი ვენახის შერჩევიდან დაიწყება და გაივლის ყველა ეტაპს ღვინის ბოთლში ჩასხმის ჩათვლით. კურსდამთავრებულები სერტიფიკატებსა და სომელიეს სტატუსს მიიღებენ.
ქართული ღვინის ექსპორტი კვლავ იზრდება - ახალი სტატისტიკა
საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის, მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ის, რომ საქართველო ვაზისა და მევენახეობის სამშობლოა, არქეოლოგიური აღმოჩენებით დასტურდება. მათ შორისაა 8 ათასი წლის ყურძნის წიპწა თუ ღვინის ქვევრები, საწნახელი თუ სხვა იარაღი.
საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2013 წელს ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.