რა შემთხვევაში მიიღებთ კომპენსაციას ავიაკომპანიებისგან

ახალი წესი ვრცელდება იმ მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას საქართველოს აეროპორტებიდან ქართული ან უცხოური ავიაკომპანიების მეშვეობით.
Sputnik
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ფრენის 3 საათზე მეტით დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებს უფლება ექნებათ კონკრეტული ავიაკომპანიისგან მოითხოვონ კომპენსაცია, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, ცვლილებები შედის საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესში.
ცვლილების მთავარი მიზანი მგზავრთა უფლებების დაცვის პირობების გაუმჯობესებაა.
იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანია დაამტკიცებს, რომ ფრენის დაგვიანება გამოწვეული იყო განსაკუთრებული ვითარებით, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო ყველა საჭირო ზომის მიღების მიუხედავად, მგზავრები კომპენსაციის მიღებას ვერ შეძლებენ.
საქართველოს ავიაბაზარზე 39 ავიაკომპანიაა: რეისების 88% აღდგენილია
აქამდე ავიაკომპანიის მიერ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ვრცელდებოდა საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის და ფრენის საერთოდ გაუქმების შემთხვევებზე.
ახალი წესი ვრცელდება იმ მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას საქართველოს აეროპორტებიდან ქართული ან უცხოური ავიაკომპანიების მეშვეობით.
ცვლილებები ასევე შეეხება იმ მგზავრებს, რომლებიც საქართველოში სხვა ქვეყნებიდან ქართული ავიაკომპანიების მეშვეობით მოფრინავენ.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მოქალაქეებისთვის დახმარებისა და კომპენსაციის გაცემის შესახებ წესი ბოლოს 2012 წელს მიიღო. დოკუმენტი შემუშავებულია ევროკავშირის რეგულაციებზე დაყრდნობით.