თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი სასჯელს შესანიშნავ პირობებში იხდის, რაც არ შეიძლება ითქვას მისი მმართველობის პერიოდში ციხეებში მსჯავრდებულთა პირობებზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში უფლებადამცველებმა არაერთხელ წამოჭრეს საკითხი ციხეებში არსებულ მძიმე ვითარებაზე. ყველაზე რეზონანსული იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გავრცელებული ე.წ. „ციხის კადრები“, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა არჩევნების ბედიც. მაშინ სააკაშვილის პარტია არჩევნებში დამარცხდა და ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა.
„სააკაშვილი არის კურორტზე, განსაკუთრებით, იმ ციხესთან შედარებით, როგორიც იყო მისი მმართველობის პერიოდში 2012 წლამდე, როცა ციხე იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი დედამიწაზე. ის რეალურად არის კურორტზე, მას აქვს შესანიშნავი პირობები“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებამ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე, რომელმაც შიმშილობა გამოაცხადა, სამედიცინო მეთვალყურეობა უზრუნველყო, როგორც ეს ხდება თითოეულ მსჯავრდებულთან მიმართებით, და მისი ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში ექიმები აუცილებლად ჩაერევიან.
სააკაშვილი, რომელიც სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. მან იმავე დღეს გამოაცხადა შიმშილობა.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.