სააკაშვილი: „ერთი ხინკლის შეჭმა მოვასწარი“

პატიმრობაში მყოფმა ექს-პრეზიდენტმა გაიხსენა, რა ჭამა ბოლოს, დაკავებამდე.
Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც რუსთავის ციხის პატიმარია, გაიხსენა, რომ დაკავებამდე მხოლოდ ერთი ხინკლის შეჭმა მოასწრო.
სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მან შიმშილობა იმავე დღეს გამოაცხადა. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა თბილისის ერთ-ერთ ბინაში ექს-პრეზიდენტის დაკავების ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ სუფრაზე იდო ხინკალი და არყის ბოთლები.

„ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, სამეგრელოში რამდენიმე ადგილზე, რიკოთზე გეახელით ლობიანს, დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე და, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ცალის შეჭმა მოვასწარი“, – განაცხადა სააკაშვილმა ოპოზიციური ტელეარხი „მთავარისთვის“ მიცემულ წერილობით ინტერვიუში.

დაკავებული სააკაშვილი ქეიფს განაგრძობს – ვრცელდება ვიდეო
ექს-პრეზიდენტი ციხეში ორ საქმეზე გამოტანილი განაჩენის საფუძველზეა – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით მან ციხეში ექვსი წელი უნდა გაატაროს.
გარდა ამისა, სააკაშვილი ფიგურანტია 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის მიტინგის დარბევის, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გაფლანგვის საქმეებში. ამ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.