ღარიბაშვილმა რუსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პირობა დაასახელა

რუსეთთან საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია მხოლოდ ერთიანი საქართველოს საზღვრებშია შესაძლებელი, განაცხადა ღარიბაშვილმა.
Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია, რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსულმა მხარემ საქართველოს საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება შესთავაზა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მისი შემდგომი დემარკაციით. რუსეთის საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ მოსკოვს ამ საკითხში აქტიურად უჭერენ მხარს სოხუმი და ცხინვალი.
„ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია დასამთავრებელი გვაქვს და ეს, რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა. ქვეყნებს შორის დიალოგი იმართება ჟენევის მოლაპარაკებებისა და სპეციალური წარმომადგენლების პრაღის შეხვედრების ფორმატის სახით.