დაზარალებულთა წრე ფართოვდება: პროკურატურამ ქართველ ჰაკერს ბრალი წარუდგინა

შსს არ გამორიცხავს, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის ფინანსური თაღლითობის მსხვერპლთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.
Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა 21 წლის მამაკაცს, რომელიც სასულიერო პირის Facebook-გვერდის „გატეხვისა“ და თაღლითობის გზით ფულადი თანხის მითვისებისთვის არის დაკავებული, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე.
დაკავებულია ჰაკერი, რომელმაც მღვდლის გვერდი „გატეხა“ და მრევლის ფული მიითვისა
გამოძიების ინფორმაციით, წარსულში ანალოგური ქმედებისათვის ნასამართლევმა პირმა, უნებართვოდ შეაღწია თბილისის თაბორის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირის Facebook-გვერდზე და მისი სახელით დაუკავშირდა მოქალაქეებს, მოტყუებით გამოართვა მათ ბანკის პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტ-ბანკის პაროლები, რისი საშუალებითაც მოიპოვა წვდომა მათ საბანკო ანგარიშებზე, გააკეთა სწრაფი სესხები და დაეუფლა სხვადასხვა თანხებს.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ახალგაზრდა Facebook-ის გამოყენებით მოტყუებული მოქალაქეებისგან მითვისებულ თანხებს ირიცხავდა ჯერ ონლაინ-კაზინოსა და ტოტალიზატორის ანგარიშზე, ხოლო შემდგომ საკუთარ საბანკო ანგარიშებზე.
ამ ეტაპზე გამოვლენილია 14 დაზარალებული პირი, ხოლო ფინანსური ზარალი 76,7 ათას ლარს აჭარბებს.
„გამოძიების შედეგად, შესაძლოა, გაიზარდოს დაზარებულ პირთა წრე და მათთვის მიყენებული ზიანის ოდენობა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
ახალგაზრდა მამაკაცი ოთხშაბათს, 13 ოქტომბერს დააკავეს. ჯერ კიდევ გუშინ გამოძიება იტყობინებოდა დამნაშავისგან დაზარალებულ 10 მოქალაქეზე და 10 ათასი ლარის ფინანსურ ზარალზე. ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და შესაძლოა დაზარალებულთა რიცხვი და მიყენებული ზიანის ოდენობა კიდევ გაიზარდოს.
დაკავებულს 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.