COVID-19 - ბოლო ცნობები

აცრა აუცილებელია! საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას მოუწოდებს

საქართველოში ბოლო დღეებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 4 ათასს გადააჭარბა.
Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. პანდემია არსად გაქრება, ამიტომ ჯობს ყველა საჭირო ზომა მივიღოთ და იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ჩავერთოთ, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟენევაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) გენერალურ დირექტორთან ტედროს გებრეიესუსთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ.
ზურაბიშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ ქვეყანაში ახალი კოვიდ-რეგულაციების შემოღება საჭირო არ გახდეს, საჭიროა ყველამ გამოიჩინოს პასუხისმგებლობა, ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში და ატაროს პირბადე.

,,დღეს აქედან, ჟენევიდან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ აცრა აუცილებელია! პანდემია არსად გაქრება, ამიტომ ჯობს, რომ ჩვენ ყველა საჭირო ზომა მივიღოთ. აცრა აუცილებელია ყველასთვის და, პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯანდაცვის სექტორსა და სასწავლო დაწესებულებებში არიან დასაქმებული“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, ბოლო დღეებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 4 ათასს გადააჭარბა. ეპიდემიოლოგები შექმნილი ვითარების მიზეზად ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს ასახელებენ – ყოველდღიურად აცრილთა რაოდენობის მაჩვენებელი მცირდება.
ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.895.771 აცრა. მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.006.171 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 35,4%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 889.600 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 31,1%. 13 ოქტომბერს აიცრა 6.110 ადამიანი.