საქართველომ Paramount Pictures-თან და A24-თან კონტრაქტი დადო

თბილისური კომპანია ჰოლივუდის ორ დიდ კინოკომპანიასთან ითანამშრომლებს.
Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ქართულმა კომპანია Postred-მა ხელი მოაწერა კონტრაქტს ორი უდიდესი ჰოლივუდური კინოსტუდიის – Paramount Pictures-ის და A24-სთვის მომსახურების გაწევის შესახებ.
Postred-მა განახორციელა ჰოლივუდის ორი ახალი ფილმის აუდიოგახმოვანება. ესაა მეტიუ ბეტინელისა და ტაილერ ჯილეტის „კივილი 5” (Scream 5) და მაიკ მილსის შავ-თეთრი დრამატული ფილმი C’mon,C’mon, რომელშიც მთავარ როლს ოსკაროსანი ხოაკინ ფენიქსი ასრულებს.
„ამ ფილმების პრემიერაზე გახსოვდეთ, რომ საქართველოს შემოქმედებითმა ჯგუფმა მათ შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა“, – ნათქვამია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს – USAID-ს განცხადებაში, რომლის მხარდაჭერითაც მიაღწიეს კონტრაქტზე ხელმოწერას.
კერძოდ, USAID POSTRED-ს მოლაპარაკებებსა და შეთანხმების მიღწევაში დაეხმარა და ამასთან ხელს უწყობს ჰოლივუდის ინდუსტრიის სტანდარტის - Trusted Partner Network სერტიფიკატის მიღებაში.
სერტიფიცირების შემდეგ POSTRED-ს საშუალება ექნება იმუშაოს დიდ სტუდიებთან.