ნიკა გვარამიამ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, მიტინგზე შეკრებილებს პატიმარი ექს-პრეზიდენტის წერილი წაუკითხა, რომელშიც ის მათ წყენის დავიწყებისა და „დიდი შერიგებისკენ“ მოუწოდებს.
„კიდევ ერთი რევანში და შურისძიება ჩვენს საზოგადოებას მორალურად გაანადგურებს და საბოლოოდ დაანგრევს ჩვენს ქვეყანას, ჩვენ წინ დიდი ცვლილებები გველის. საქართველო უნდა დავაბრუნოთ დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე, ვაქციოთ დემოკრატიის, რეფორმების და განვითარების შუქურად“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა მიმართვაში.
საქართველოში დაბრუნების მიზეზად, მიუხედავად მოსალოდნელი დაკავებისა, სააკაშვილმა ამჟამინდელ ხელისუფლებასთან ბრძოლის აუცილებლობა დაასახელა. ექს-პრეზიდენტი, რომელიც უკვე ორი კვირაა, რაც ციხეში იმყოფება, თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და შიმშილობს.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ აქციაში თითქმის არც ერთი სხვა ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობს.