შემოდგომის ხუთი ყველაზე საინტერესო სატელევიზიო შოუ

შემოდგომა წელიწადის ის დროა, როცა თბილ პლედში უნდა გაეხვიოთ, ლიმნიანი ჩაი და ფუნთუშები მოიმარაგოთ და ტელევიზორის წინ მყუდრო საღამოები გაატაროთ.
Sputnik
მაგრამ რას ვუყუროთ? საბედნიეროდ, არაჩვეულებრივი სატელევიზიო შოუების ნაკლებობა არ გვაქვს და შეგვიძლია შემოდგომის სუსხიანი საღამოები სასიამოვნოდ გავატაროთ. მით უმეტეს, უკვე მეორე შემოდგომაა, მსოფლიო პანდემიას ებრძვის და შემოდგომის საღამოების გარეთ გატარებისგან კვლავ თავის შეკავება გვიწევს.
დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ სხვადასხვა ჟანრის სულ ახალ, 2021 წლის საინტერესო ხუთ სერიალს, რომლებიც, ვიმედოვნებთ, საუკეთესო განწყობას შეგიქმნით.
1. კალმარის თამაში (Squid Game) – IMDB – 8.2, Netflix
„კალმარის თამაში“ ახალი კორეული დრამაა, რომელიც Netflix-მა პლატფორმაზე სექტემბერის ბოლოს განათავსა. სერიალმა დამაინტრიგებელი შინაარსისა და სწორი მარკეტინგის წყალობით საერთაშორისო პოპულარობა მალევე მოიპოვა. ის პირველი კორეული სერიალია, რომელმაც Netflix-ის მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. ცხრა ეპიზოდისგან შემდგარი სერიალის ყურება მართლაც ერთი ამოსუნთქვით შეიძლება, მასზე ბოლო ორი კვირაა თითქმის ყველა საუბრობს.
სერიალი 456 ადამიანის ისტორიას გვიყვება, რომლებსაც ფული სჭირდებათ. ისინი იღებენ საიდუმლო შეთავაზებას, ითამაშონ საბავშვო თამაში, რომლის საპრიზო ფონდიც უზარმაზარია. ეს ყველაფერი კი სრულიად გასაიდუმლოებულია.
ექნება თუ არა სერიალს მეორე სეზონი, ჯერ ცნობილი არაა. თუმცა, მისი პოპულარობიდან და დასასრულიდან გამომდინარე, გამორიცხული არაფერია.
2. კლიკბეიტი (Clickbait) – IMDB – 7.3, Netflix
Netflix-ის კიდევ ერთი დეტექტიური სატელევიზიო შოუ კიბერდანაშაულის შესახებ. ეს რვა ეპიზოდისგან შემდგარი სერიალიც ერთი ამოსუნთქვით შეიძლება ნახოთ. „კლიკბეიტი“ სოციალური მედიისა და ინტერნეტის ბნელ მხარეს გვიჩვენებს.
„კლიკბეიტი“ არის იმის შეხსენება, თუ რატომ ხდება Netflix-ის სერიალები ასეთი ჰიტები. სერიალი გიპყრობთ, გითრევთ და კმაყოფილების განცდას გიტოვებთ.
3. ჩაპელუეიტი (Chapelwaite) – IMDB – 7.5
საშინელებათა სატელევიზო შოუ, რომელიც სტივენ კინგის მოთხრობის Jerusalem’s Lot მიხედვით არის გადაღებული. სერიალში მთავარ როლს მსახიობი ედრიან ბროუდი ასრულებს. ბროუდი თამაშობს კაპიტნის როლს, რომელიც ცოლის გარდაცვალების შემდეგ ძველ სახლში გადადის და იქ ნათესავების საშინელ საიდუმლოს შეიტყობს.
სერიალის პრემიერა 2021 წლის 22 აგვისტოს შედგა. ათი ეპიზოდისგან შემდგარი შოუ ვამპირების, ზომბებისა და მისტიკური მოვლენების ნარევია. სტივენ კინგისგან სხვას არც არაფერს მოველოდით.
4. მერი ისტთაუნიდან (Mare of Easttown) – IMDB – 8.5, HBO
ვისაც დეტექტიური ჟანრის სერიალები უყვარს, ეს სატელევიზიო შოუ მათთვისაა. HBO-ს ახალ სერიალში ოსკაროსანი კეიტ უინსლეტი გამომძიებლის როლში გვევლინება.
„მერი ისტთაუნიდან“ პენსილვანიის შტატში მდებარე ერთ პატარა ქალაქში მომხდარი მკვლელობის გამოძიების შესახებ მოგვითხრობს. სერიალის სიუჟეტი დეტექტივის პირად ტრავმებზეც გვიყვება. მთავარი გმირის ცხოვრება მკვლელობის საიდუმლოს გამოვლენასთან ერთად ნგრევას იწყებს.
შვიდი ეპიზოდისგან შემდგარი კრიმინალური სერიალის პრემიერა 2021 წლის აპრილში გაიმართა.
5. იმპიჩმენტი: ამერიკული კრიმინალური ისტორია (Impeachment: American Crime Story) – IMDB – 8.4
ცნობილი სერიალის „ამერიკული კრიმინალური ისტორიის“ მესამე სეზონის მთავარი თემა აშშ-ის 42-ე პრეზიდენტის ბილ კლინტონისა და თეთრი სახლის თანამშრომლის მონიკა ლევინსკის ურთიერთობას ეხება.
სერიალი ეკრანებზე 2021 წლის სექტემბერში გამოვიდა.
1998 წელს 49 წლის პრეზიდენტის და თეთრი სახლის 22 წლის თანამშრომლის რომანს დიდი პოლიტიკური სკანდალი მოჰყვა. კლინტონისა და ლევინსკის რომანი გასაჯაროების შემდეგ 90-იანების ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ამბად იქცა: ამის გამო მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო და კინაღამ თანამდებობიდანაც გადააყენეს.
„ამერიკული კრიმინალური ისტორია“, ანთოლოგიური ტიპის შოუა, რომლის თითოეული სეზონი სხვადასხვა რეალურ მოვლენებზე მოგვითხრობს.