თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. წალენჯიხის მეურნეობის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ერთმანეთს Mercedes-ის მარკის მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ.
30 წლის მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მოტოციკლის მძღოლთან ერთად მყოფი მგზავრი კი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ის პოლიტრავმებით გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მას ამ დრომდე გამოკვლევები უტარდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.