არჩევნები 2021

„ლელო“ მეორე ტურში გახარიას პარტიის კანდიდატს დაუჭერს მხარს

Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ არჩევნების მეორე ტურში ცაგერის მერის პოსტზე ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ კანდიდატს ბესარიონ ბენდელიანს დაუჭერს მხარს, განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან.
ცაგერში არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, ბესარიონ ბენდელიანმა ამომრჩეველთა ხმების 35,02% მოიპოვა. პირველ ადგილზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ნემსაძეა – 49,3%. მესამე ადგილზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მადონა ბენდელიანი – 15,6%.

„მიუხედავად ბატონ გახარიას მიმართ ჩემი დამოკიდებულებისა, ჩვენ ცაგერში მის კანდიდატს დავუჭერთ მხარს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, გახარიას მიმართ მას ბევრი კითხვა დაუგროვდა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში „ძალიან მნიშვნელოვანია, იმაზე მაღლა დავდგეთ, ვიდრე პიროვნული ამბებია“.
„რა თქმა უნდა, ეს კითხვები არ არის პირადი ხასიათის, ყველა ქვეყნის მომავალს ეხება. ამიტომ, ჩემი გადასახედიდან, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ და ვისწავლოთ იმაზე მაღლა დადგომა, ვიდრე პოლიტიკა, ვიდრე წყენაა, რადგან ადრე თუ გვიან ყველაფერი ნათელი უნდა გახდეს“, – განაცხადა ხაზარაძემ.
არჩევნები 2021
კახა კუჭავამ წინასაარჩევნო აგიტაციის წესი დაარღვია - საქმე სასამართლოშია გადაგზავნილი
როგორც მან აღნიშნა, „ლელო“ ცაგერში გახარიას კანდიდატს მხარს დაუჭერს „მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში ერთპარტიული მმართველობა დამთავრდეს“.
საქართველოში არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.
ცესკოს მონაცემებით, პროპორციული სიებით არჩევნებში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 46,69% მოიპოვა, ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 30,7% მიიღო. მესამე ადგილზეა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" ხმების 7,8%-ით.
მერების არჩევნების მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში ჩატარდება, სადაც მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო 50%-ზე მეტი ხმის მიღება. უმეტეს მუნიციპალიტეტში კონკურენტები „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ კანდიდატები არიან.