დაკავებულია ჰაკერი, რომელმაც მღვდლის გვერდი „გატეხა“ და მრევლის ფული მიითვისა

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.
Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. პოლიციამ დააკავა 21 წლის მამაკაცი, რომელმაც ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით რამდენიმე მოქალაქის, მათ შორის, სასულიერო პირის Facebook-ის გვერდები გატეხა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი მამაკაცი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ივლისსა და აგვისტოში უნებართვოდ შეაღწია სამი მოქალაქის Facebook-გვერდებზე. მამაკაცი დაუკავშირდა მათ Facebook-ის მეგობრებს, რომლებიც შეცდომაში შეიყვანა, მოტყუებით გამოართვა ბანკის პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტ-ბანკის პაროლები, შეაღწია მათსავე საბანკო ანგარიშებზე და მათი ფული მიითვისა.
ქართველმა ჰაკერებმა უცხოურ კომპანიებს თითქმის ნახევარი მილიონი ლარი გამოსტყუეს
ბრალდებულმა ოქტომბერში უნებართვოდ შეაღწია ასევე თბილისში, თაბორის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირის Facebook-გვერდზე და მღვდლის სახელით დაუკავშირდა მის მრევლს. ბრალდებულმა მრევლს, თითქოს უცხოეთიდან თანხის ჩასარიცხად, მოტყუებით გამოართვა საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტ-ბანკის პაროლები, რისი საშუალებითაც უნებართვოდ შეაღწია მათ კუთვნილ ანგარიშებზე და მათი ფული მიითვისა.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ახალგაზრდა Facebook-ის გამოყენებით მოტყუებული მოქალაქეებისგან მითვისებულ თანხებს ირიცხავდა ჯერ ონლაინ-კაზინოსა და ტოტალიზატორის ანგარიშზე, ხოლო შემდგომ საკუთარ საბანკო ანგარიშებზე.
პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას მის პირად კომპიუტერში სხვადასხვა საქმეზე გამოვლენილი დაზარალებულების Facebook-გვერდებზე და საბანკო ანგარიშებზე შეღწევის ფაქტები აღმოაჩინა.
ჰაკერებმა ონლაინ ტოტალიზატორისა და კაზინოს მომხმარებლები „მშრალზე დატოვეს"
გამოძიების მონაცემებით, ამ ეტაპისთვის ცნობილია დამნაშავისგან დაზარალებული 10 მოქალაქე, ხოლო ფინანსური ზარალი 100 ათას ლარს შეადგენს. ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და შესაძლოა დაზარალებულთა რიცხვი და მიყენებული ზიანის ოდენობა გაიზარდოს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევას, რამაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი გამოიწვია.
დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.