ექიმები სააკაშვილის გასასინჯად მის თანხმობას ელოდებიან

ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ის არ არის წინააღმდეგი შეხვდეს ექიმების მულტიფუნქციურ ჯგუფს, რომელიც მთავრობამ შეკრიბა
Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. იუსტიციის სამინისტროს თხოვნით შექმნილი ექიმების ჯგუფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მის თანხმობას ელოდება, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილისთვის ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფის შექმნის ინიციატივით გუშინ გამოვიდა. ადვოკატებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, თუმცა სტაბილური რჩება. მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე მე-13 დღეა შიმშილობს.

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზის მიზნით შეიქმნა ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფი. ახლა ექიმების ჯგუფის ჩართულობა დამოკიდებული იქნება თავად მიხეილ სააკაშვილის თანხმობაზე“, - განაცხადა ბრეგაძემ და მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, რომელმაც ექიმების ჯგუფი მისი თხოვნიდან მეორე დღესვე შეკრიბა.

მისი თქმით, უწყებათაშორისი საბჭო ექს-პრეზიდენტის მდგომარეობის საკითხის განსახილველად ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის კომიტეტების და სახალხო დამცველის წარმომადგენლების მონაწილეობით სისტემატურად შეიკრიბება.
ამ მომენტისთვის სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ის არ არის წინააღმდეგი შეხვდეს ექიმების მულტიფუნქციურ ჯგუფს, რომელიც მთავრობამ შექმნა.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს, იმავე დღეს მან რუსთავის ციხეში შიმშილობა გამოაცხადა.
სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამშობლოში არალეგალურად სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.