თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. პოლიციამ უცხო ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულ პირს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში არალეგალურად გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეები უკავშირდებოდნენ. ბრალდებული მათ გარკვეული თანხის სანაცვლოდ საჭირო დოკუმენტებს უმზადებდა და აღნიშნულ ქვეყნებში გამგზავრებისა და უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამის პირობებს უქმნიდა. ის საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს 16 ათასი აშშ დოლარის სანაცვლოდ აშშ-ში არალეგალურად გამგზავრებაში დახმარებას დაჰპირდა, რისთვისაც 4 ათასი ლარი წინასწარ გამოართვა.
სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედების ფარული ვიდეო-აუდიოგადაღება და სატელეფონო მიყურადება განახორციელეს.
პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო საქართველოს მოქალაქის 76 პასპორტი, სამი საბანკო პლასტიკური ბარათი, ორი მეხსიერების ბარათი, კომპიუტერული ტექნიკა, ორი მობილური ტელეფონი, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, დოკუმენტების დასამზადებელი დანადგარი და დოკუმენტები.
საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 344 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.