რთველი რაჭაში: გადამუშავებულია 1000 ტონამდე ყურძენი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ისევე, როგორც კახეთში, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც რთველის სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს.
Sputnik
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. 12 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭაში 1 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი უკვე დაბინავებულია, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, სადაც 30-მდე კომპანიაა უკვე დარეგისტრირებული. ყურძნის მიმღები პუნქტები 17 ლოკაციაზეა გახსნილი, რაც მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას იძლევა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ისევე, როგორც კახეთში, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც ფერმერთა მხარდასაჭერად რთველის სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც გადაამუშავებს „ხვანჭკარის" მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა" და „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენს. 1 კგ ყურძენში მევენახე არანაკლებ 7 ლარს მიიღებს. რაც შეეხება სუბსიდირების თანხას, 1 კგ „ალექსანდროულსა" და „მუჯურეთულში" სახელმწიფო 3 ლარს გადაიხდის.
როგორ ემზადება რთვლის ჩასატარებლად რაჭა
„ხვანჭკარის" ხარისხისა და უნიკალურობის დასაცავად რაჭაში უკვე დაწყებულია სპეციალური ღონისძიებები.
რაჭის რეგიონის შესასვლელებში მოეწყო სპეციალური საკონტროლო პუნქტები. მოწმდება რეგიონში შესული ყველა მანქანა, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შეტანა და „ხვანჭკარის" სანედლეულო ჯიშებში – „მუჯურეთულში“ და „ალექსანდროულში“ სხვა ჯიშების შერევა.
რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მოწეული ყურძნის ჩაბარება ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მევენახეობის კადასტრის ამონაწერის საფუძველზე ხორციელდება. ამ ეტაპზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საკადასტრო ამონაწერი 1,7 ათასამდე ფერმერს აქვს აღებული.