თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მიმართ საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული წინასაარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევის შესახებ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. ინფორმაციას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.
არჩევნების დღეს 2 ოქტომბერს კახა კუჭავა საარჩევნო უბანზე მივიდა პირბადით, რომელზეც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სიმბოლო იყო გამოსახული. დარღვევაზე რეაგირება მოახდინა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ როგორც არჩევნებზე დამკვირვებელმა ორგანიზაციამ და საჩივარი ცესკოში შეიტანა.
„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12 ოქტომბერს ზეპირი მოსმენით განიხილა საია-ს საჩივარი. შედეგად, ხსენებული პირის მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი აგიტაციის წესების დარღვევის ფაქტზე და საქმე განსახილველად გადაეგზავნა სასამართლოს“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
მანამდე კუჭავამ განაცხადა, რომ მზად არის გადაიხადოს ჯარიმა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო.
საქართველოს კანონმდებლობით, საარჩევნო უბანზე აგიტაცია 2 ათას ლარიანი ჯარიმით ისჯება.
თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა. მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს მისცა ხმა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველმა პარტიამ ქვეყნის მასშტაბით ხმების 46,68% მიიღო, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ 30,68%-ით, მესამე ადგილზე კი ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ 7,8%-ით.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება, რომლისთვისაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი კონკურენტი, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადებიან. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, თბილისში გაიმართება, სადაც ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი ხმის მოპოვება ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო.