COVID-19 - ბოლო ცნობები

ე.წ. ბუსტერ-დოზით ვაქცინაცია იწყება – ვინ შეძლებს მესამე აცრის გაკეთებას

მოქალაქეები ე.წ. ბუსტერ-დოზის გაკეთებას წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც შეძლებენ, თუმცა მესამე დოზაზე რეგისტრაციისთვის სისტემა უკვე მომდევნო კვირისთვის გამართული იქნება, აცხადებს გაბუნია.
Sputnik
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზით აცრას 50 წლის ასაკს ზემოთ პირები და მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანები მეორე აცრიდან ექვს თვეში შეძლებენ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება მოსახლეობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული სამი ვაქცინით – Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის პრეპარატებით შეუძლია.

„ბუსტერ-დოზით აიცრება ის, ვისაც აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება, მათ შორის, ორგანოგადანერგილი პირები და იმუნური სისტემის შესუსტებით მიმდინარე დაავადებების მქონეები. ეს ასევე შეეხება სამედიცინო პერსონალს და მაღალი რისკის პროფესიონალებს, ვინც მუშაობენ დახურული ტიპის დაწესებულებებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიამ ასევე განმარტა, რომ ბუსტერ-დოზა არ ტარდება AstraZeneca-ს ვაქცინით და ის ადამიანები, რომლებიც აღნიშნული პრეპარატით ორჯერადად არიან ვაქცინირებული შეძლებენ, რომ დამატებით Pfizer-ის ვაქცინით აიცრან.
მისივე განცხადებით, ბუსტერ-დოზის გაკეთების მსურველები ვაქცინაციას როგორც რეგისტრაციის, ასევე მის გარეშეც შეძლებენ. ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს კი ვაქცინაციისთვის დასჭირდებათ წარადგინონ ექიმის ცნობა ან ე.წ. ფორმა-100.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ცერცვაძე ე.წ. ბუსტერ-დოზის შესახებ
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზა მკვეთრად ზრდის იმუნიტეტს. ის კეთდება მეორე დოზის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ როგორც კოვიდ-გადატანილებში, ასევე ვაქცინირებულებში, რადგან ანტისხეულები თანდათან იკლებს.
ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.882.118 აცრა. მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.002.488 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 35,3%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 879.630 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 30,8%. 11 ოქტომბერს აიცრა 6.817 ადამიანი.