თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) სარჩელი არ მიიღო. პარტია ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის დადგენილების შეცვლას მოითხოვდა.
მას შემდეგ, რაც ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ 7 ოქტომბერს მე-11 მაჟორიტარული ოლქის ოთხ უბანზე ხმები ხელახლა გადაითვალა, შედეგები „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ შეიცვალა.
ოპოზიცია უკმაყოფილოა იმით, რომ ხმების გადათვლის შედეგად „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი მანუჩარ ფიფია პირველივე ტურში დამარცხებულად გამოცხადდა, მაშინ, როცა თავდაპირველი დათვლის შედეგად ოფიციალური შედეგებით ის გამარჯვებული იყო. ამგვარად ენმ ზუგდიდის საკრებულოში ერთ მანდატს კარგავს.
ოპოზიციამ ამასთან დაკავშირებით 9 ოქტომბერს ზუგდიდში საპროტესტო აქციაც გამართა და 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაყალბება გააპროტესტა.
სასამართლოს ესწრებოდნენ კომისიის წევრები ოთხი უბნიდან, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ბიულეტენების ხელმეორე გადათვლაში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში პირველი ტურის ოფიციალური მონაცემებით ლიდერობს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ანზორ მელია. მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.