თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ფიქრობს, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში კოსოვოსთან, რომელიც პრიშტინაში 12 ოქტომბერს გაიმართება, მისი გუნდის მოთამაშეებმა იმიჯის გაუმჯობესება უნდა სცადონ.
„კოსოვოსთან საკუთარ მოედანზე მარცხმა იმედი გაგვიცრუა და ახლა ფეხბურთელებისგან ველი იმიჯის გამოსწორებას. ვიმედოვნებ, კარგად თამაში გამოგვივა. არ მინდა მეტოქეზე ბევრი საუბარი. როგორც ყველა ნაკრებს, მათაც აქვთ ძლიერი და სუსტი მხარეები. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ პირველ შეხვედრაში დავინახე - კოსოვო კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელებით, რომლებიც მთელი გულით თამაშობენ“, - აღნიშნა სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
სექტემბერში ბათუმში საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი ვედატ მურიკიმ გაიტანა.
რაც შეეხება В ჯგუფის გუნდების პოზიციებს, ექვსი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთი ქულით ბოლო ადგილზეა, კოსოვოს კი ოთხი ქულა აქვს და მეოთხე პოზიცია უკავია.
ორივე გუნდმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის ყველა შანსი დაკარგა. დამდეგი მატჩი ფორმალურად ოფიციალური სტატუსის მატარებელი იქნება, მაგრამ შესარჩევი ტურნირის ფარგლებში ამხანაგურ თამაშს უფრო დაემსგავსება.