საეკლესიო კალენდარი: 11 ოქტომბერი

მართლმადიდებელი ეკლესია11 ოქტომბერს ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაულს ზეიმობს და აღნიშნავს ღირს ხარიტონ აღმსარებელის, ბარუქის, მოწამეთა: ალექსანდრეს, ალფესის, ზოსიმეს, მარკოზ მწყემსის, ნიკონის, ნეონის და სხვათა ხსენების დღეს.
Sputnik
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - პალიასტომისა
პალიასტომის ღვთისმშობელი ქართული ხატია, რომელზედაც დედა ღვთისა გამოსახულია ყრმით, ხატი ფერწერულია და შეჭედილია ვერცხლით. იგი შემკულია 123 თვალით და მარგალიტით, აქვს ორი წყვილი ოქროს საყურე.
ლეგენდები ხატის შესახებ
ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად თავიდან ხატი გურიაში, ციხე-ქალაქ პალიასტომის საკრებულო ტაძარში ყოფილა დაბრძანებული, იმ საყდრის მთავარუხუცესს სილიბისტროს სიზმარში ღვთისმშობელი გამოცხადებია და უთქვამს, რომ საკრებულო ტაძარში შესულიყო, მისი ყოვლადწმინდა ხატი აეღო. და ციხე-ქალაქ პალიასტომიდან გამოეტანა, რადგან ციხე-ქალაქს წყალში ჩაძირვა მოელოდა. მთავარხუცესს სიზმარი არ დაუჯერეიბია.
საეკლესიო კალენდარი: 10 ოქტომბერი
მთავარხუცესი ციხე-ქალაქის გარეთ ცხოვრობდა, მალე ღვთის ნება აღსრულდა ამ ციხე ქალაქზე და ხალხითურთ ჩაიძირა, ხოლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ღვთის ბრძანებით იმ წარღვნისგან დაცულ იქნა, თავისუფლად უხილავად, ღვთის განგებით ციხე-ქალაქიდან ჰაერზე მოდიოდა. და როცა მთავარხუცმა ასეთი საოცარი და ენით გამოუთქმელი სასწაული იხილა, დაეცა სასწაულმოქმედი ხატის წინაშე, ცრემლებით იწყო ვედრება მოწყალების მისაღებად და ცოდვების მისატევებლადო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ჰაერიდან დაიძრა და მის ხელებში მიესვენა.
სხვა გადმოცემის მიხედვით ხატი ქუთაისის ციხე-ქალაქში გიორგი მეფის დროს არის მოტანილი მე-12 საუკუნეში. გიორგი მესამე დავით აღმაშენებლის შვილიშვილი იყო.
აკადემიკოსი გ. ჩუბინიშვილი კი პალიასტომის ღვთისმშობელს მე-16 საუკუნით ათარიღებს.
ღირსი ხარიტონ აღმსარებელი
ღირსი ხარიტონ აღმსარებელი იკონიაში ეწამა 270-324 წლებს შორის. უღმრთოებმა შეიპყრეს იგი და ცრუღვთაებებისადმი მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანმა მტკიცე უარი განაცხადა. ჯალათებმა ხარიტონს სამოსელი შემოაძარცვეს და ძროხის ძარღვებით სცემეს, შემდეგ კი მთავრის ბრძანებით საპყრობილეში ჩააგდეს. ამასობაში ქრისტიანთა დევნა ჩაცხრა. პყრობილი მართლმორწმუნეები გაათავისუფლეს. წმიდა ხარიტონი ქალაქ იერუსალიმისკენ გაეშურა. გზაში იგი ავაზაკებმა შეიპყრეს, გამოქვაბულში გამოამწყვდიეს, თვითონ კი „მიმოდარბიოდეს ალაგთა გზათასა“ და სხვა მგზავრებს უსაფრდებოდნენ. ამასობაში მღვიმეში იქედნე შემოძვრა, ღვინით სავსე ჭურში ჩასრიალდა, შიგ შხამი ჩათხია და წავიდა. როცა ავაზაკები დაბრუნდნენ, წყურვილით გათანგულები, დაეწაფნენ მოწამლულ სასმელს და უკლებლივ ყველანი გაწყდნენ.
საეკლესიო კალენდარი: 9 ოქტომბერი
ხარიტონმა იმ მღვიმეში დაიწყო მოღვაწეობა, სადაც, ღვთის ნებით, სასწაულებრივი გადარჩენა მიემადლა. ყაჩაღების მიერ ნაგროვები ქონების ნაწილი მან გლახაკებსა და მეუდაბნოე მამებს განუყო, ნაწილით კი ააგო ტაძარი, რომლის ირგვლივაც თანდათან წარმოიქმნა პალესტინაში ცნობილი ფარანის ლავრა
ღირსი ხარიტონი დაახლოებით 350 წელს გავიდა ამსოფლიდან.
წმიდა წინასწარმეტყველი ბარუქი
წმიდა წინასწარმეტყველი ბარუქი იერემია წინასწარმეტყველის განუყრელი თანამგზავრი, მოწაფე, მეგობარი და მწერალი იყო. მან თავისი მოძღვრის წინასწარმეტყველებების მთელი გრაგნილი ჩაწერა და იერუსალიმის ტაძარში შეკრებილ ხალხს წაუკითხა. წმიდა ბარუქი იერემიასთან ერთად მწარედ გოდებდა ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დანგრევის გამო, მოძღვრავდა და ამხელდა იუდეველებს და მოთმინებით იტანდა მათ სიძულვილსა და დევნას. ნეტარმა საკუთარი თვალებით იხილა იერემიას ჩაქოლვა და მისი წმიდა ცხედარი მიწას მიაბარა.
წინასწარმეტყველ იერემიას მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმინდა ბარუქს დიდხანს არ უცხოვრია. იგი ეგვიპტეში გარდაიცვალა ქრისტეს შობამდე VI საუკუნეში. წმიდა ბარუქმა იწინასწარმეტყველა იუდეველთა დაბრუნება ბაბილონელთა ტყვეობიდან და ბაბილონის გაუდაბურება; ცხადად განჭვრიტა ძე ღვთისას განკაცებაც.
წმიდა მოწამენი: ალექსანდრე, ალფესი, ზოსიმე, მარკოზ მწყემსი, ნიკონი, ნეონი, ილიოდორე და სხვანი
წმიდა მოწამენი: ალექსანდრე, ალფესი, ზოსიმე, მარკოზ მწყემსი, ნიკონი, ნეონი, ილიოდორე და სხვანი მცირე აზიის სხვადასხვა ადგილებში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით