თბილისი, 10 ოქტომბერი- Sputnik. საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა (U-18) კალინინგრადში ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
ქართველმა მორაგბეებმა ფინალში პორტუგალიელები ანგარიშით 27:0 დაამარცხეს. უკვე პირველ ტაიმში ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა მეტოქის ჩათვლის ზონაში ოთხი წარმატებული ლელო დაამიწეს, შესვენების შემდეგ - კიდევ ერთი.
„ძალიან ვწუხვართ ბათუმის ტრაგედიის გამო. ეს მოგება თქვენ მოგიძღვენით. ძალიან გვიყვარხართ და ამით, ძალიან დიდი იმედი მაქვს, ცოტა მაინც გავახარეთ თქვენი გულები“, - განაცხადა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პეტრე ხუციშვილმა.
საქართველოს U-18 ნაკრები კონტინენტურ პირველობას ზედიზედ მესამედ იგებს. 2018 წელს ქართველებმა ფინალში საფრანგეთს მოუგეს (8:3), ერთი წლის შემდეგ - ესპანეთს (20:10).