ნიკო კვარაცხელიას ოჯახმა ბათუმში დაღუპული არასრულწლოვნების ძმებს სტიპენდია დაუნიშნა

ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. ნგრევის ფაქტზე, სამშენებლო ნორმების დარღვევის ბრალდებით, სამი ადამიანია დაკავებული.
Sputnik
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში, ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას ოჯახი ბათუმში შენობის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილი არასრულწლოვნების ძმებს „ნიკოს სტიპენდიას“ უნიშნავს. ამის შესახებ კვარაცხელიას ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ნაშუადღევს საცხოვრებელი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა. სახლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, დაშავებულია ერთი მამაკაცი.
„ვერაფრით განუგეშებთ, რადგან ეს ტკივილი არის განუკურნებელი. ერთადერთი, რითაც ჩვენს ოჯახს შეუძლია გამოხატოს თქვენდამი თანადგომა - „ნიკოს სტიპენდიაა“. ჩვენი გადაწყვეტილებით, თქვენი შვილები ყოველთვიურად მიიღებენ „ნიკოს სტიპენდიას“, რომლითაც, იმედი გვაქვს, შეძლებისდაგვარად უზრუნველვყოფთ მათთვის უკეთესი განათლების მიცემის შესაძლებლობას. გვჯერა, რომ მხოლოდ განათლებულ, პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალ ადამიანებს შეუძლიათ იმ უკეთესი საქართველოს მშენებლობა, რომელშიც ასე გვინდოდა, რომ ჩვენს შვილებს ეცხოვრათ”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ბათუმში, კორპუსში სადარბაზოს ჩამონგრევას სამი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. ტრაგედიას ემსხვერპლა და-ძმა, 9 წლის ანასტასია და 1 წლის ერეკლე დავლაძეები. ბავშვებთან ერთად დაიღუპა მათი დედა ინგა მეკეიძეც. მათ ერთი მცირეწლოვანი ძმა დარჩათ, რომლიც ტრაგედიის დროს საბავშვო ბაღში იმყოფებოდა. ნგრევის შედეგად დაიღუპა 12 წლის დათა შომახიაც, რომელიც შემთხვევის დროს სახლში ონლაინ-გაკვეთილებს ესწრებოდა. მას ერთი ძმა დარჩა. დათასთან ერთად ემსხვერპლა ტრაგედიას მისი დედა მაია თოდუაც. „ნიკოს სტიპენდია“ ინგა მეკეიძისა და მაია თოდუას გადარჩენილ ბიჭებს დაენიშნათ.
22 წლის ნიკო კვარაცხელია 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მეორე დღეს გარდაიცვალა. მისი მკვლელობის საქმეზე ორი პირია დაკავებული.
ნიკო კვარაცხელია ქართველმა მომხმარებელმა მის მიერ შექმნილი პროექტის — FEEDC -ის საშუალებით გაიცნო. იგი მალევე მოხვდა Forbes-ის, წარმატებული ახალგაზრდებისთვის შექმნილ პროექტში — Forbes Under 30-ში.