თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით გორში ხუთი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულების ასაკი 17 დან 28 წლამდე მერყეობს. მათ შორის სამი პირი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.
საგამოძიებო უწყება ოთხ დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობას ედავება (რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს) , ხოლო ერთს - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, რაც 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების მიხედვით, მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს გორის ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში შეხვდნენ, სადაც ალკოჰოლს სვამდნენ. მოგვიანებით მათ ერთად გადაინაცვლეს ბარში, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქესთან კონფლიქტი დაიწყო.
სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ კონფლიქტში მონაწილე პირები გორში, მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მტკვარში გადააგდეს, თვითონ კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ. ცხედარი მტკვარმა მეორე დღეს სოფელ ქვახვრელის ტერიტორიაზე გამორიყა.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.