არჩევნები 2021

ცესკო ებრძვის დეზინფორმაციას საარჩევნო ბიულეტენებთან დაკავშირებით

ცესკომ მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი მონაცემების გავრცელებისგან, რათა საარჩევნო გარემო მშვიდი დარჩეს.
Sputnik
თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, მედიასაშუალებებს და საზოგადო მოღვაწეებს, თავი შეიკავონ საარჩევნო ბიულეტენების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
ცესკოს განცხადებით, პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, „თითქოს დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიაში აღმოჩნდა მთაწმინდის ოლქის ბიულეტენები“.
არჩევნები 2021
ცესკოს თავმჯდომარე საოლქო კომისიებს ხმების გადათვლას სთხოვს
ცესკოში განმარტავენ, რომ ჯერ კიდევ კენჭისყრის დღეს 2 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია სტამბის წუნის მქონე ბიულეტენებთან დაკავშირებით, როდესაც სტამბას შეერია დიდუბისა და მთაწმინდის ოლქების ბიულეტენები. იმისათვის, რომ კენჭისყრის პროცესი არ შეჩერებულიყო, დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ერთგვაროვანი ბიულეტენი (ანუ მერის ნაწილში) ჩათვლილიყო დიდუბის ბიულეტენად. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ოლქის ყველა კომისიის წევრს გადაეცა.
„უკვე მერამდენედ მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, საარჩევნო სუბიექტებს არ გაავრცელონ არასწორი და დეზინფორმაციული მონაცემები. კვლავ მოგიწოდებთ ყველას, იმისათვის, რომ საარჩევნო გარემომ შეინარჩუნოს სიმშვიდე და პროცესები კვლავაც გამჭვირვალედ წარიმართოს, თავი შეიკავეთ მსგავსი გადაუმოწმებელი და არასწორი მონაცემების გავრცელებისგან“, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
შაბათს ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია 20 ბიულეტენის შესახებ მთაწმინდის რაიონიდან, რომელიც თითქოს დიდუბის ერთ-ერთი უბნის საარჩევნო ურნაში აღმოჩნდა.
თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა. მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს მისცა ხმა.
არჩევნები 2021
ცესკომ საარჩევნო კომისიების მიერ ხმების გადათვლის შესახებ ანგარიში წარმოადგინა
ცესკომ საკუთარი ინიციატივით უკვე გადათვალა ხმების 360 საარჩევნო უბანზე და ზუსტი შედეგები მხოლოდ 239 უბანზე აღმოჩნდა. კიდევ 194 უბანი გადათვალეს საჩივრების საფუძველზე და იქაც მცირე უზუსტობები იყო.
არჩევნების მეორე ტური გაიმართება 30 ოქტომბერს - არჩევნების პირველი ტურის ჩატარებიდან მეოთხე შაბათს.