საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

ბათუმში საცხოვრებელი სახლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების საძიებო ოპერაცია გრძელდება
Sputnik
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს. ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება“, - დაწერა ღარიბაშვილმა თავის Facebook-გვერდზე.
მისი თქმით, სახელმწიფო დაეხმარება ყველა დაზარალებულს, ხოლო დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.
ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი სახლის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს დღის 12 საათზე ჩამოინგრა. გარდაიცვალა ექვსი ადამიანი, საიდანაც ოთხი - ერთი ოჯახის წევრია. ერთი გადარჩენილის მდგომარეობა მძიმე რჩება. ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების საძიებო სამუშაოები გრძელდება.