საპატრიარქო ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა
Sputnik
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს საპატრიარქო მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო. სამძიმრის წერილი საპატრიარქოს Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.
„ვუსამძიმრებთ და თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. უფალმა აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს გარდაცვლილთა სულები“, - ნათქვამია საპატრიარქოს სამძიმარში.
ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ხუთსართულიანი სახლის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს დღის 12 საათზე ჩამოინგრა. ტრაგედიის შედეგად სულ რვა ადამიანია გარდაცვლილი, სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება. ნანგრევებში, სავარაუდოდ, კიდევ ერთ ადამიანია დარჩენილი.
არჩევნები 2021
„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას დროებით წყვეტს
საავადმყოფოში იმყოფება ერთი დაშავებული მამაკაცი, რომლის მდგომარეობა მძიმეა.
სახლის ჩამონგრევის შემდეგ შსს-მ სამი ადამიანი დააკავა: პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. უწყების მონაცემებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც, სავარაუდოდ, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით - სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა.
დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბათუმის ტრაგედიის გამო 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა, გაუქმდა თბილისობა, ბათუმში საქართველო-საბერძნეთის დღევანდელი საფეხბურთო მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. პოლიტიკურმა პარტიებმა წინასაარჩევნო კამპანია შეწყვიტეს.