თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ბათუმში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საბერძნეთთან ანგარიშით 0:2 წააგო.
ორივე გოლი სტუმრებმა შეხვედრის ბოლოს გაიტანეს. 90-ე წუთზე გიორგი გიორბელიძემ ხელით ითამაშა, ხოლო ბაკასეტასმა დამსახურებული პენალტი ზუსტად შეასრულა. საბოლოო ანგარიში დამატებითი დროის მეოთხე წუთზე დიმიტრიოს პელკასმა დაამყარა. ბერძენმა ნახევარმცველმა ოთარ კაკაბაძის უზუსტობით ისარგებლა, ქართველების საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი კარში გიორგი ლორიას თავზე გაუშვა.
საქართველოს ნაკრებისთვის ეს წაგება მეხუთეა ამჟამინდელ შესარჩევ ციკლში. ერთადერთი ქულა ქართველებმა მოიპოვეს მარტში, როდესაც გასვლაზე საბერძნეთს დაუზავდნენ (1:1). ამგვარად, საქართველო შესარჩევ В ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს.
რაც შეეხება საბერძნეთს, ის ერთადერთი გუნდია ჯგუფში, რომელსაც ჯერ არც ერთი წაგება არ აქვს (ორი გამარჯვება და სამი ფრე). ხუთი მატჩის შემდეგ საბერძნეთის აქტივში ცხრა ქულაა და მეორე ადგილზე მყოფ შვედეთს სამი ქულა აშორებს.
მსოფლიო-2022-ის მომდევნო შესარჩევ მატჩს საქართველოს ნაკრები კოსოვოს წინააღმდეგ პრიშტინაში 12 ოქტომბერს გამართავს.