ძებნა შეჩერდა: ბათუმში სახლის ნანგრევებიდან კიდევ ერთი, სავარაუდოდ ბოლო ცხედარი ამოიყვანეს

სავარაუდოდ, ეს ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის ბოლო მსხვერპლია. ამ მომენტისთვის ტრაგედიის შედეგად დაღუპულია სულ ცხრა ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა და გადარჩენილთა სამაშველო-საძიებო ოპერაცია დასრულდა - ცოტა ხნის წინ მაშველებმა ნანგრევებიდან მერვე ცხედარი ამოიყვანეს, განაცხადა ტრაგედიის ადგილზე მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
სავარაუდოდ, ეს ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის ბოლო მსხვერპლია. ამ მომენტისთვის ტრაგედიის შედეგად დაღუპულია სულ ცხრა ადამიანი.
„მინდა, მივუსამძიმრო ოჯახებს. ძალიან მძიმე სიტუაციაა. ცხრა ადამიანია გარდაცვლილი. მათ შორის არის სამი არასწრულწლოვანი, 7 წლის, 1 წლის და 3 თვის და 12 წლის ბავშვები. რამდენიმე წუთის წინ ვიპოვეთ მეცხრე გარდაცვლილი. ჩვენი ვარაუდით, დაკარგული უკვე არც ერთი ადამიანი აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება“, - განაცხადა გომელაურმა.
საპატრიარქო ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
8 ოქტომბერს ნაშუადღევს რამდენიმე წამში საცხოვრებელი სახლის სადარბაზო, სადავ 12 ოჯახი ცხოვრობდა, ნანგრევების გროვად იქცა. დაიღუპა ცხრა ადამიანი, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია სამი პირი: პირველ სართულზე მდებარე ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი გახდა მზიდი კედლის დემონტაჟი პირველ სართულზე, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და სილამაზის სალონი უნდა გახსნილიყო.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით - სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა.
დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
11 ოქტომბერს საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.