ოპოზიციის აქტივისტებთან შეტაკებების შემდეგ ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისია პოლიციის დაცვის ქვეშ გადავიდა – სამართალდამცველები განთავსდნენ შენობის გარე პერიმეტრზე და შენობის შიგნით.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლება არჩევნების მეორე ტურის ფალსიფიცირებისთვის ემზადება. მათი თქმით, არის თვითმხილველი, რომელმაც დაინახა, როგორ ხსნიდნენ დაბეჭდილ ბიულეტენებს. სწორედ ამიტომ შეიჭრნენ ისინი შენობაში.
ცესკომ მსგავს განცხადებებს „აბსურდული“ უწოდა და აღნიშნა, რომ ბიულეტენების დათვლა და არჩევნებისთვის მზადების პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს, ყველაფერი დამკვირვებლების თანდასწრებით კეთდება. ცესკო მხარეებს მოუწოდებს, საარჩევნო ადმინისტრაციას მუშაობაში ხელი არ შეუშალონ.