ხელისუფლებას სამაშველო ოპერაციებში ჯარის ჩართვა შეუძლია: იურისტის კომენტარი

Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. იმისათვის, რომ ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსზე მიმდინარე სამაშველო ოპერაცია შედეგიანი იყოს, ხელისუფლებას ჯარის გამოყვანის უფლება აქვს, აცხადებს ყოფილი დეპუტატი, იურისტი ირაკლი აბესაძე.

„თუ საპოლიციო ძალები, საგანგებო სიტუაციების მართვის ძალები არ არის საკმარისი, ასეთ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს აძლევს უფლებას, გამოიყენოს თავდაცვის ძალები, როდესაც გვაქვს ტექნოგენური კატასტროფა და ამით გამოწვეული საგანგებო სიტუაცია“, – აღნიშნა „მთავარი არხის“ ეთერში აბესაძემ.

მისი თქმით, თუ არმიის გამოყენება საჭირო არ არის, ამის შესახებ ხელისუფლებამ დამაჯერებელი განმარტებები უნდა გააკეთოს.
ამ დროისათვის შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე ახდენს ბათუმში დამატებითი ძალების მობილიზაციას მეზობელი რეგიონებიდან. ადგილზე მუშაობენ სამაშველო და საპოლიციო ძალები, მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
„15 წუთით ადრე გაზის გათიშვის შესახებ გაგვაფრთხილეს“ – ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრები
ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე დღეს, რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა. ზოგი ვერსიით, ნგრევის მიზეზი შეიძლება იყოს კორპუსზე დამატებით დაშენებული ორი სართული, ან პირველ სართულზე მდებარე სილამაზის სალონში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. ბუნებრივი აირის გაჟონვით მომხდარი აფეთქება პრაქტიკულად გამოირიცხა, ვინაიდან, მოსახლეობის თქმით, კორპუსში გაზი გამორთული იყო.